logo
ENG



სარჯველაძე სანქცირებული საწვავის შემოსვლაზე ინფორმაციას "მოკლეფეხებიან ტყუილებს" უწოდებს

26 მარ 202312:18
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/26/uwhytada4fezifv.png

ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე შაბათის ფორმულას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში რუსული სანქცირებული საწვავის შემოსვლის შესახებ "მოკლეფეხებიან ტყუილს" უწოდებს და ჟურნალისტს "არგუმენტების" მოძიებისკენ მოუწოდებს.

"მოკლეფეხებიანი ტყუილებია. შემდეგ რაღაც რომელიმე სხვა სფეროზე იტყვით ამას და ასე გააგრძელებთ დაუსრულებლად. მაგრამ მარტივად დგას საკითხი, იცით - ერთი იპოვეთ მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება ან სანქციებთან მიმართებაში გინდა ბიძინა ივანიშვილის, გინდა სახელმწიფო სტრუქტურების, ან გინდა რომელიმე ბიზნეს წრეების ჩართულობას. ვერ პოულობთ ამას და დაანებეთ ამ საკითხის ძიებას თავი, იყავით, რა თქმა უნდა, დაინტერესებული, რომ მოიძიოთ, თუ ასეთი ინფორმაცია არსებობს, მაგრამ, სადაც ასეთი ინფორმაცია არ არსებობს, იქ ტყუილად ნუ შეთითხნით", - განაცხადა მან.

შაბათის ფორმულამ მოიპოვა დოკუმენტები, რომლითაც ირკვევა, რომ საქართველოში სანქცირებული რუსული ნავთობი შემოაქვთ და ეს რკინიგზით ხდება. საბუთებით დგინდება, რომ ნავთობის შემოტანას ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი განაგებს. გარდა ამისა, შაბათის ფორმულას გადამღებმა ჯგუფმა თბილისის მახარისხებელ სადგურში სანქცირებული საწვავით დატვირთული მატარებელიც გადაიღო.

კერძოდ, მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ 2023 წლის თებერვლიდან დაწყებული საქართველოში ყოველდღიურად ათეულობით ტონა რუსული სანქცირებული ნავთობი შემოდის. ერთ-ერთი შემსყიდველი კომპანია ზდ ოილია, რომელსაც ოლიგარქის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი კურირებს.

სქემის მიხედვით, სანქცირებული გაზპრომის და როსნეფტის ნავთობი ზდ ოილის საცავში მოაქვთ. კომპანიაში სანქცირებული პროდუქტის შემოტანის ფაქტს მალავენ.

ზდ ოილის ერთ-ერთი მფლობელი დავით კაპანაძეა - საქართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობით. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქართული ოცნებისთვის პირადად მას 100 000 ლარზე მეტი, კომპანია ზდ ოილს კი 25 000 ლარი აქვს შეწირული. ზდ ოილის მეორე მეწილეც, გაბრიელ ნაზარიშვილი, ასევე რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეა. დირექტორი, ბადრი ბუთხუზი კი ქართული ოცნების შემომწირველი. თუმცა, ამ ყველაფერს არაფორმალურად ოლიგარქის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი განაგებს.

დოკუმენტების მიხედვით, რომელიც შაბათის ფორმულამ მოიპოვა, რუსული სანქცირებული ნავთობის შესყიდვით პუტინის რეჟიმს ვისოლიც აფინანსებს. ყოველდღიურად ათასობით მოქალაქე, რომელიც ვისოლის საწვავში ფულს იხდის, თვითონაც არ იცის - ისე ავსებს რუსულ ბიუჯეტს. ვისოლის მფლობელს ამ თემაზე საუბარი არ სურს.

რუსული ნავთობპროდუქტების შესყიდვას ადასტურებენ ტესტაშიც, რომელიც დოკუმენტების მიხედვით, იმ კომპანიების სიაში შედის, რომლებიც ფინანსური მოგების გამო ასეულობით ტონა ნავთობს გაზპრომისა და როსნეფტისგან ყიდულობენ.

შაბათის ფორმულას მიერ მოპოვებულ დოკუმენტში დეტალურადაა გაწერილი საიდან მოდის ტვირთი, რა სახის საწვავია, ვინ არის მწარმოებელი და საქართველოში სად იგზავნება. გაზპრომტრანსი და როსნეფტრანსი ეს ის კომპანიებია, საიდანაც რუსული ბენზინი იგზავნება. ოფიციალური დოკუმენტებით დასტურდება ასევე რომ ორივე მათგანი გაზპრომისა და როსნეფტის ჰოლდინგში შედის.


close დახურვა